
ქეთი დავლიანიძე
ქეთი დავლიანიძე დაიბადა თბილისში 1976 წელს. 1998 წელს დაამთავრა სერგო ქობულაძის სამხატვრო სტუდია, ხოლო 1996 წელს — თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კინო-ტელე მხატვრობის ფაკულტეტი. 1999 წელს ამავე აკადემიაში დაასრულა გრაფიკისა და ხატვის ფაკულტეტი. ქეთი დავლიანიძის შემოქმედება ხელოვნების სხვადასხვა სფეროსა და მასალას მოიცავს, მათ შორის ფერწერას, გრაფიკას, წიგნის ილუსტრაციას, ქანდაკებას, ფოტოგრაფიასა და მულტიმედიას. არტისტის ნამუშევრები გამოირჩევა დახვეწილი ხაზის ექსპრესიით. ფერის განსაკუთრებული შეგრძნებით შერჩეული ჰაეროვანი პასტელური გამა ჰარმონიულად ერწყმის გრაფიკულ ფორმას.
ქეთი დავლიანიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენაში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 80 წლის იუბილე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი (2000); თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“ (2002); „მწვანე“, ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო (2016); საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმი — „აფხაზეთი“, თბილისი (2019); „მხატვართა პლენერი“, ფრანკოფონიის მე-9 საერთაშორისო ფესტივალი „Soleil“ სოზოპოლში (2019); „ქართველი მხატვრები“, კაუნასი, ლიტვა (2018); პროექტი „Un Cammino Europeo“, ვიტერბო, იტალია (2014) და მრავალი სხვა.
მისი ნამუშევრები ინახება სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში: აშშ-ში, ჩინეთში, ესპანეთში, იტალიაში, ავსტრიაში, ბულგარეთში, რომის პაპის კერძო კოლექციაში ვატიკანში, ხოლო საქართველოში — სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივ კოლექციასა და სხვ.
რეპროდუქციები




